logo
ENG



სასამართლოს კლანი - საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის მზარდი ქონება

27 ივნ 202020:28
3 წუთის საკითხავი
 

მერაბ ტურავას გზა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობისკენ 90-იანი წლების მიწურულიდან იწყება. 1999 წელს ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა და ეს თანამდებობა 2006 წლამდე ეკავა. მაშინ მერაბ ტურავა და კიდევ სამი მოსამართლე თანამდებობიდან გაუშვეს. ამ გადაწყვეტილებას კი ხელი ლევან მურუსიძემ მოაწერა. არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ პროცესებით დაიწყო საერთო სასამართლოებში ე.წ. კლანის ეპოქა. 

სასამართლოდან გაძევების შემდეგ, მერაბ ტურავა სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა საქართველოში და საზღვარგარეთ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტებში. ასევე სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობდა გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტთან. ამ ხნის განმავლობაში მერაბ ტურავას არაერთხელ გაუკრიტიკებია საქართველოში არსებული სასამართლო სისტემა. იუსტიციის საბჭოს წევრების წარსულ საქმეებზე საუბრობს. 

ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“ ამბობენ,  რომ 2015 წლის ზაფხულში „ქართულ ოცნებასა“ და მოსამართლეთა კლანს შორის გარიგების სრულყოფა მოხდა. 

მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოში მოღვაწეობამაც არაერთხელ გამოიწვია აჟიოტაჟი. მოსამართლე ბათუმში სიმბოლურ ფასად 125 მ2 ბინის გადაცემას ითხოვდა. თუმცა, ოპოზიციის აქტიურობის შედეგად ბათუმის საკრებულომ ის არ განიხილა. იყო „რუსთავი 2-ის“ და გიგი უგულავას საქმეებიც.

ამ საქმეების შემდეგ, მერაბ ტურავას სახელი მედიის ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა მის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის წარდგენამდე. ამას კი საგანგებო მდგომარეობის დროს  საკონსტიტუციო სასამართლოს სწრაფი წესით დაკომპლექტება  უძღვოდა წინ.  არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ პანდემიის დროს ხვიჩა კიკილაშვილისა და ვასილ როინიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა გადამწყვეტი იყო მერაბ ტურავას თანამდებობაზე ასარჩევად. 

ტურავას არჩევის პარალელურად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის მოადგილისა და პირველი კოლეგიის თავმჯდომარის პოზიციაზე საკონსტიტუციო პლენუმმა ვასილ როინიშვილი აირჩია. კლანის ერთ-ერთ წარმომადგენლად მიჩნეული მოსამართლე ამბობს, რომ მსგავსი რამ სასამართლო სისტემაში საერთოდ არ არსებობს. ის გამორიცხავს „ფორმულას“ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ ტურავას კანდიდატურას მანანა კობახიძემ ძმის დაწინაურების სანაცვლოდ დაუჭირა.

მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლით აირჩიეს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ამით საერთო სასამართლოში მოქმედი კლანის გავლენები საკონსტიტუციო სასამართლოში გავრცელდა. მათი აზრით, მდგომარეობიდან  ერთადერთი გამოსავალი  საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იმ დადგენილების პროექტის მიღებაა, რომელიც საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის აღიარებას გულისხმობს. 


close დახურვა